ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია უარყოფს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია უარყოფს, რომ აფხაზეთი დატოვა. მისი თქმით, ამ დროისათვის ის "მშობლიურ სოფელ ტამიშში" იმყოფება.

"ამ დროისათვის, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. ეს ადგილი არაფრით არ ჩამოუვარდება კრასნაია პალიანას  (Краснай поляна), თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა კრასნაია პალიანასთვის დრო არ მაქვს, უამრავი საქმე მაქვს აქ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ავრცელებენ ასეთ აშკარა ტყუილს, ეს მათთვის დამახასიათებელია. ეს მათი ცხოვრების წესია. ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო თანამოქალაქეებო, არ აჰყვეთ ამ ადამიანების პროვოკაციებს.“ - ამბობს ბჟანია 19 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

სამი დღით ადრე, რუსულმა სამთავრობო გამოცემა TACC-მა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. ოპოზიციის პროტესტის ფონზე სოხუმი დატოვა. 

"ასლან ბჟანია ამჟამად მის მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება". - უთხრა გამოცემას აღნიშნულმა პრესსამსახურმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გაიქცა, რის გამოც ე.წ. ოპოზიციასა და ე.წ. მთავრობას შორის მოლაპარაკებები შეჩერდა. დე ფაქტო ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ბჟანია ბამბორას რუსულ ნაწილში იმყოფებოდა.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დე ფაქტო ოპოზიციის პროტესტის ფონზე თავის მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ ე.წ. "მთავრობის წევრები რჩებიან აფხაზეთში, დარჩებიან ადგილზე და გააგრძელებენ მუშაობას". 

შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ცნობებით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო და ე.წ. მთავრობა მარიონეტი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები