რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

აშშ ადასტურებს, რომ უკრაინას კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვა მოუხსნეს

ბრაზილიური გაზეთი O Globo-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე უკრაინის ომზე ისაუბრა და დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-მ უკრაინას კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო.

ნიკოლსის თქმით, "იარაღი, რომლის გამოყენების უფლებაც უკრაინას ბაიდენმა მისცა, ბევრად უკეთეს შესაძლებლობას მისცემს მას [უკრაინას], რომ საკუთარი თავი დაიცვას და იმედია, რუსეთის ფედერაციას გააგებინებს, რომ უკრაინის ტერიტორიების დასაპყრობად ძალის გამოყენება წარუმატებელი იქნება და იქნებ იგი მშვიდობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს ან, სულაც უკეთესი, მარტივად უკრაინის ტერიტორიიდან გავა".

ეს აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე ნებართვის გაცემაზე ცნობების დადასტურების პირველი შემთხვევაა.

გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".

რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა 

კომენტარები