ბორელმა განმარტა, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

European Union in Georgia

18 ნოემბერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ილაპარაკა.

"ჩვენ გავგზავნით საქართველოში მისიას, ვიმსჯელებთ დარღვევებზე, და არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს. მთავრობამ უნდა გადამწყვეტი ცვლილებები განახორციელოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში მყარი ცვლილებების გარეშე". – თქვა ბორელმა.

გამოსვლის შემდეგ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას მისიის ამოცანების შესახებ ასე უპასუხა:

"ეს არის ტექნიკური მისია, რომლის მიზანია ადგილზე გაანალიზოს სიტუაცია. შეაფასოს რა მოხდა ამ არჩევნებზე, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია, ტექნიკური მისიის ამოცანა სწორედ ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი უკვე მოვიწვიეთ, მასზე უკეთ ვერავინ იტყვის რა მოხდა ადგილზე. 

ქართველი ხალხის დემოკრატიული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოეფინოს, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ გეტყვით".

გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში მისიას "ტექნიკური" უწოდა:

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია". ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის".

კომენტარები