ჯოზეფ ბორელი

ბორელმა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვაზე ილაპარაკა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

აშშ-მ უკრაინას ამერიკული შორი რადიუსის იარაღით რუსეთზე იერიშის ნებართვა მისცა, კონკრეტულად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 300 კილომეტრის სიღრმეში შეუძლიათ რაკეტების გამოყენება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ილაპარაკა.

"უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს იარაღი, რომელსაც ვაწვდით, არა მხოლოდ ისრების შესაჩერებლად, არამედ მშვილდოსნების გასანადგურებლად". – თქვა ბორელმა.

სავარაუდო ნებართვაზე აქამდე სხვადასხვა მედიები წერდნენ. იარაღის მწარმოებლები, როგორც წესი გამოყენებაზე შეზღუდვას უწესებენ ქვეყნებს, რომლებიც შემდგომში ამ იარაღს იყენებენ.

როგორც მედიაში იწერებოდა, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ რუსეთის სიღრმეში უკრაინული იერიშები კონფლიქტის ესკალაციას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ მოსკოვმაც არაერთხელ განაცხადა, რომ შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების შემთხვევაში ჩაითვლება ომში NATO-ს ოფიციალურ ჩართვად, რასაც "მკაცრი საპასუხო ზომები" მოჰყვება.

მუქარები არ დაკონკრეტებულა. ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ დღეში რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომბინირებული იერიში მიიტანა.

აშშ, დიდი ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას შორი რადიუსის იარაღი გადასცა. 

კომენტარები