გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრაზილიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თავისი "სამშვიდობო გეგმის" წარდგენას აპირებს.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, სამიტზე ერდოღანი წარმოადგენს თავის წინადადებას მხარეთა ამჟამინდელ პოზიციებზე საომარი მოქმედებების გაყინვის შესახებ.
ანონიმური წყაროების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის გეგმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიების კიდევ, მინიმუმ, 10 წლით გადადებას მოიაზრებს, რაც კრემლის მმართველისთვის, "ვლადიმირ პუტინისთვის დათმობაზე წასვლას გულისხმობს".
თურქეთის წინადადება ასევე მოითხოვს დემილიტარიზებული ზონის შექმნას აღმოსავლეთ დონბასში, რომლის დიდ ტერიტორიებს რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს. Bloomberg-ის წყაროების თქმით, ერდოღანის გეგმა მოიაზრებს ამ ტერიტორიაზე, "უკრაინისთვის დამატებითი გარანტიის სახით", საერთაშორისო ჯარების განლაგებას და უკრაინისთვის სამხედრო მომარაგების გადაცემას, როგორც კომპენსაციას NATO-ში გაწევრიანებაზე დროებით უარის თქმისთვის.
წყაროების ინფორმაციით, ერდოღანს იმედი აქვს, რომ შეძლებს დაარწმუნოს ზელენსკი დაესწროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში. წყაროების თქმით, ერდოღანი ფლობს სადაზვერვო მონაცემებს, რომელიც ვარაუდობს, რომ თუ თუ ბრძოლა არ შეჩერდება, უკრაინამ შესაძლოა მომდევნო თვეებში ბევრად დიდი ტერიტორიული დანაკარგი განიცადოს.