რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ულტიმატუმია, ეს ნაციზმის ახალი სახეა – ზელენსკი პუტინის ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Andrew Kravchenko/Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტისთვის ვლადიმირ პუტინის მიერ პირობებს გამოეხმაურა და ისინი ულტიმატუმად მოიხსენია. მისი თქმით, პუტინის ქმედებები ნაციზმის რეინკარნაციაა.

"რისი თქმა შემიძლია? ეს გზავნილები ულტიმატუმის ხასიათს ატარებს, არაფრით არ განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებსაც აქამდე აკეთებდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რასაც აკეთებს, ეს ნაციზმის რეინკარნაციაა, ეს ამ ნაციზმის, რუსული ნაციზმის, ახალი ტალღაა. მას სურს, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი ვთქვათ, მაგრამ ასევე ჩვენი არაოკუპირებული ტერიტორიებიც სურს. ჩვენი ქვეყნის რეგიონებზე საუბრობს და დასრულებას არ აპირებს. გაყინული კონფლიქტი არ იქნება". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების მოთხოვნა ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკეთის ნაწილის მოთხოვნას შეადარა და გაიხსენა, რომ ამას ჰიტლერის მიერ პოლონეთისა და ევროპის ოკუპაცია მოჰყვა.

"ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როცა ამბობდა: მომეცით ჩეხოსლოვაკეთის ნაწილი და ყველაფერი აქ დასრულდება". - თქვა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, პუტინის გზავნილების ნდობა არ ღირს, რადგან ის ნაციზმის ისტორიულ მარშრუტს იმეორებს და ადამიანთა ბედი არ ადარდებს.

"თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს სრულდება... არ ღირს ამ გზავნილებს ვენდოთ, რადგან პუტინი იგივე მარშრუტით მიდის. დღეს ის საუბრობდა ოთხ რეგიონზე, მანამდე საუბრობდა ყირიმსა და დონბასზე... მას არ ადარდებს, რა მოსდის ხალხს, ეს ნაციზმის ახალი სახეა". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა იქნება, თუ ის დონბასის რეგიონიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და პირობას დადებს, რომ NATO-ში არ გაწევრიანდება. 

კომენტარები