რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ჩრდ. კორეამ რუსეთში შესაძლოა, ჯამში 100 000 ჯარისკაციც გაგზავნოს

Photo: Ed Jones/AFP/Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინასთან საბრძოლველად შესაძლოა, დროთა განმავლობაში ჯამში 100 000 ჯარისკაციც გაუგზავნოს, თუ, როგორც გამოცემა წერს, "ფხენიანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაღრმავება გაგრძელდება". 

ანონიმური წყაროების თქმით, ეს ვარაუდი ერთ-ერთია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განვითარებადი პარტნიორობის შესახებ. წყარომ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ნაბიჯი გარდაუვალი არ არის, თუმცა ამ მასშტაბის სამხედრო მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მოხდებოდა ჯგუფებად ჯარების როტაციით, ვიდრე 100 000-ვე სამხედროს ერთდროული და ერთჯერადი განლაგებით.

უკრაინის ელჩმა სამხრეთ კორეაში ანალოგიური შეფასება ცოტა ხნის წინ გააკეთა. როგორც დმიტრო პონომარენკომ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, კიევი მოელის, რომ ის 15 000-მდე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომელიც კურსკის რეგიონში და, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშია განლაგებული, როტაციას ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ განახორციელებენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა პირმა Bloomberg-ს უთხრა, რომ ლოგიკურია, არსებობდეს მექანიზმი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დანაკარგების შესავსებად, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში "კონტინგენტი სწრაფად გაქრება და საბრძოლო ღირებულებას დაკარგავს". ამავე პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, დასძინა, რომ რუსეთში გასაგზავნი ჩრდილოკორეელების სავარაუდო რიცხვი - 100 000 ასევე მანიშნებელია იმისა, რომ პუტინი დიდხანს გეგმავს ომის გაგრძელებას.

აღნიშნულ საკითხზე ბრაზილიაში G20 სამიტზე უკრაინის მოკავშირეები ისაუბრებენ, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, როდესაც იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს შეხვდება. შოლცმა პუტინს 15 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ რუსეთში ჩრდილოკორეელების განლაგება უკრაინის წინააღმდეგ ომის "მძიმე ესკალაციაა". 

კომენტარები