რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

არძინბა ზურაბიშვილს: ენგურის მეორე ნაპირიდან არცერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება

სალომე ზურაბიშვილი და ადგურ არძინბა
befunky.com

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში მცდელობაა, გატარდეს რუსული კანონი და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხატო". – თქვა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის სიტყვებს გამოეხმაურა მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა.

"მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, მიმართულებებს. განვითარებისა და ეროვნული ინტერესების".

არძინბას თქმით, გაურკვეველია ვის მიმართ გამოხატავს სოლიდარობას ზურაბიშვილი, რომელსაც "აფხაზეთის აწმყოსა და მომავალზე, ზოგადად ცხოვრებაზე, პოლიტიკასა და მორალზე განსხვავებული შეხედულებები აქვს".

დე ფაქტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ქმედებები არ არის ანტირუსული და "მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის, ძმური ურთიერთობისა და ურთიერთმხარდაჭერის კურსი უცვლელი რჩება".

"აფხაზეთის ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული, რომელიც აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის ინტერესებს გამოხატავს. აი ვის ინტერესებს ატარებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის უცნობია და სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც გვაინტერესებს.

წინ ბევრი საქმე გვაქვს და ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება". – წერს არძინბა.

ადგურ არძიმბა აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერია. წარსულში იკავებდა მარიონეტული რეჟიმის მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის პოსტს. 2020 წელს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. თავად მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა სოხუმი დატოვა და პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს. 

საპროტესტო აქციების საბაბი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო კანონი გახდა.ოპოზიციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლებს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.

კომენტარები