ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიცია და ე.წ. მთავრობა ბჟანიას გადადგომას განიხილავენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, კან კვარჩია
RESPUBLICA

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ოპოზიცია და ე.წ. მთავრობა მარიონეტი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-არხები ავრცელებენ.

მოლაპარაკებებში ე.წ. ოპოზიციას საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მანამდე მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციამ "პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად" შექმნა. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ სამთავრობო შენობები ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული და აკონტროლებენ. 

ე.წ. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, კან კვარჩიას თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ დე ფაქტო ოპოზიციას შესთავაზა, რომ ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი მარიონეტმა ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაიკავოს, პრემიერმინისტრად კი ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაინიშნოს. 

კვარჩიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთვის ეს ვერსია "პრინციპის" გამო მიუღებელია და ე.წ. მთავრობას საპასუხოდ ორი ვარიანტი შესთავაზა: ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის სპიკერის, ლაშა აშუბას დანიშვნა, ან მესამე კომპრომისული ფიგურის პოვნა, რომელიც ე.წ. პრემიერისა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. 

მანამდე, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.


11 ნოემბერს ე.წ. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, მარიონეტული რეჟიმი აცხადებდა, რომ "მათ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ". საუბარია, ალმას აქაბაზე.

ოპოზიციონერების დაკავებას სოხუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მომიტინგეებმა ჩაკეტეს სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი  – კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ კი მომიტინგეებმა გუმისთის ხიდი გახსნეს, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის ცენტრალური გზატკეცილი გადის.

საპროტესტო აქციების ფონზე აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლა.

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის, სახალხო ერთობის ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბარციცის თქმით, დაკავების დროს მისი კოლეგები გუდაუთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მოქალაქეებს შეხვდნენ და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაზე ისაუბრეს.

აფხაზური ოპოზიცია რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება და განხილვის პარალელურად, 15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

"რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან" დაკავშირებული კანონის მიზანი მარიონეტული რეჟიმის განმარტებით, "საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაა".

ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლევს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.

ამასთან, კანონპროექტის მიღების წინ დე ფაქტო პარლამენტმა "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მარიონეტული რეჟიმი ცდილობს "მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობის" შესახებ ჩანაწერით, დააკანონოს ივლისში გაწვეული "აპარტამენტების კანონი", რომელიც, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას მოიცავდა.

 

კომენტარები