უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ვიცე-პოლკოვნიკი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სპეცოპერაციების ძალების პრესსამსახურები ავრცელებს.
უკრაინული სპეცსამსახურის ცნობით, დამნაშავე ვიცე-პოლკოვნიკის პოსტს იკავებდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური იყო.
СБУ-ის ცნობით, რუსეთის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГРУ) ვიცე-პოლკოვნიკი ომის დაწყებისას გადაიბირა, 2024 წლის გაზაფხულში კი მას რუსეთისთვის უკრაინის სამხედრო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
"სპეცოპერაციის შედეგად СБУ-ის სამხედრო კონტრდაზვერვამ მოღალატის დანაშაულები ეტაპობრივად აღრიცხა და ის დააკავა.
ამასთან, შეიარაღებული ძალების ლოკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპლექსური ღონისძიებები გატარდა.
გამოძიების მონაცემებით, ფიგურანტი რუსეთის ფედერაციის დაზვერვამ რუსეთში მისი ნაცნობების მეშვეობით გადაიბირა, რომლებთანაც ის კონტაქტს ინარჩუნებდა". - წერია СБУ-ის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რუსეთი ყველაზე მეტად ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ყირიმის მიმართულებით ფრონტის ხაზზე უკრაინული სპეცრაზმების დივერსიული-სადაზვერვო ოპერაციების შესახებ ცნობებით იყო დაინტერესებული.
ჯაშუში რუსეთს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების გადაადგილების დაგეგმილი მარშრუტების, მათი შეიარაღებისა და სამიზნეების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
СБУ წერს, რომ რუსეთი აპირებდა, ეს ინფორმაცია ფრონტის ხაზსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში უკრაინელი სპეცრაზმელების გასანეიტრალებლად და მოსაკლავად გამოეყენებინა.





