სტუდენტების პროტესტი

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც უერთდებიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობა სახელწოდებით "გუშაგები" დააფუძნეს და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, ამასთან მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. პროტესტს შეუერთდნენ ილიაუნის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჯიპას სტუდენტებიც.

"ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას.

ვწუხვართ, რომ სტუდენტებს - დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო.

აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ - ევროპულ გზას".- წერია ჯიპას სტუდენტების განცხადებაში.

"თსსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.

შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!

დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ!

მოგიწოდებთ ერთიანობისკენ !

ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი!

ვიბრძვით თავისუფლებისთვის!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - ვკითხულობთ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.

"ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.

შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!

დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ!

მოგიწოდებთ ერთიანობისკენ !

ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი!

ვიბრძვით თავისუფლებისთვის!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერია ილიაუნის სტუდენტების განცხადებაში.

კომენტარები