სპორტის სასახლე

სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები "ძალიან მალე" დაიწყება. 

"სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია "ლოჯიკ გრუპისთვის“. სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები დაიწყება ძალიან მალე" - თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, პროექტი ყველა ძირითადი სივრცისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება-რეაბილიტაციას გულისხმობს. 

"მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების, საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP შემოსასვლელების მოწესრიგებას და განახლებას. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასლები, განსაკუთრებით, ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სივრცეებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო-ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, ტრანსლაციის, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის მოწყობილობებს. ასევე იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების მოწყობა და ისტორიული ფუნქციის აღდგენა. 

სპორტის სასახლის ირგვლივ ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე. კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი და მიმდებარე სივრცეები. ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას. მოწესრიგდება საპარკინგე ზონა, დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის" - ამბობს დედაქალაქის მერი. 

კომენტარები