კიშინიოვში რუსეთის ელჩის, ოლეგ ოზეროვის თქმით, ბრალდებები მოლდოვის ტერიტორიაზე ორი რუსული დრონის ჩამოვარდნის შესახებ, "უსაფუძვლოა". ოზეროვის კომენტარს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს.
"ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ ბრალდებებს, ისინი უსაფუძვლოა. რუსეთის ფედერაციას არასდროს გაუშვია დრონები მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების მიმართულებით, ჩვენ ეს არ გვჭირდება. ამას გარდა, დრონების წარმომავლობა ჯერ არც დაზუსტებულა". - თქვა რუსეთის ელჩმა.
ოზეროვის მტკიცებით, წინა შემთხვევებში, როდესაც მოლდოვის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები იპოვეს, გამოძიებამ დაადასტურა, რომ ნამსხვრევები არა რუსულ, არამედ უკრაინულ დრონებს ეკუთვნოდა.
"გამოძიებამ დაადასტურა, რომ [ყოველ წინა შემთხვევაში, როდესაც ბრალს რუსეთის ფედერაციას დებდნენ], ნამსხვრევები ძირითადად უკრაინულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეკუთვნოდა. ამ შემთხვევაში, არც არსებობს სერიოზული მტკიცებულება, რომ ისინი რუსული დრონები იყვნენ". - თქვა ოზეროვმა.
ცნობისთვის, მოლდოვის თქმით, 10 ნოემბერს ორმა რუსულმა "სატყუარა" დრონმა, რომელთა დანიშნულებაც იერიშების დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეცდომაში შეყვანაა, მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და მოლდოვაში საზღვრის ხაზისგან შორ მანძილზე ჩამოვარდა.
"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ აგრესიულ შემოჭრებს და ვიმეორებთ ჩვენს დაგმობას რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის შესახებ". - განაცხადა მოლდოვის პრემიერმინისტრის მოადგილემ მიჰაი პოპშოიმ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეებს არღვევენ. რუსული დრონები, უკრაინისა და მოლდოვის გარდა, შეფრენილან NATO-ს წევრი რუმინეთისა და ლატვიის ტერიტორიებზეც. რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს რამდენჯერმე დაურღვევიათ ბელარუსის საჰაერო სივრცეც.