11 ნოემბერს, ტელეკომპანია TV პირველთან საუბრისას, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ თქვა, რომ წარსულში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ, ქრთამი, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელით, დაუსჯელობის გარანტია შესთავაზეს.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ შეიძლება ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადოს ქართულ პროკურატურას, იმ პროკურატურას, რომლის ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით, მაგალითად, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, მე შემომთავაზეს თანხა გარკვეულ საქმეზე გარკვეული შედეგის დადების სანაცვლოდ.
შუამავალმა მითხრა, რომ ირაკლი შოთაძესთან აიღებ გარანტიას, რომ თანხის, ქრთამის აღების სანაცვლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება და ეს თანხა კარგად შეგერგება". - უთხრა ალავიძემ TV პირველს.
აქამდე, ტელეკომპანია TV პირველთან საუბრისას უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ მოსამართლეების მდუმარე პროტესტის შესახებ თქვა, რომ ხელისუფლება სასამართლოს აშინებს და ამის საკუთარი პირადი მაგალითები მოიყვანა.
"მე ვფიქრობ, რომ ამხილეს და გააკეთეს აქცენტი და ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა რუსული კანონის მიღებით. ეს რომ რუსულია, ამაში შესვლა არ გვინდა, თუმცა ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული სასამართლო". - თქვა ალავიძემ მოსამართლეების მდუმარე პროტესტის შესახებ TV პირველთან საუბრისას.
ალავიძეს თქმით, ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, "ტვინს გაასხმევინებდნენ".