რუსეთი

რუსეთში 2025 წლის ივლისამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა 10%-ს გაათავისუფლებენ

რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა 10% 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გაათავისუფლოს. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა Коммерсант ავრცელებს

რუსეთის მთავრობის თქმით, გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ხელფასებს დარჩენილი მოხელეების ხელფასების გასაზრდელად გამოიყენებენ. როგორც დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Moscow Times წერს, რუსეთის მთავრობა მოელის, რომ დიგიტალიზაცია საჯარო სექტორის ეფექტურობას უფრო ნაკლები ადამიანური რესურსითაც უზრუნველყოფს. დეპარტამენტებს თავად მოუწევთ, გადაწყვიტონ, თუ რომელ პირებს გაათავისუფლებენ პოზიციებიდან. 

Коммерсант-ის ინფორმაციით, რუსეთში საჯარო სექტორში დასაქმებულები საშუალოდ თვეში 60,300 რუბლს ($614) გამოიმუშავებენ. მათი ხელფასები, რეფორმის მერე, შესაძლოა 80,000 რუბლამდე ($816) გაიზარდოს, რაც დამოკიდებული იქნება სამსახურებიდან გათავისუფლებული პირების რაოდენობაზე. 

გადაწყვეტილება არ შეეხება საჯარო მოხელეებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ და 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დროებით ანექსირებულ უკრაინულ რეგიონებში მუშაობენ. 

საჯარო ადმინისტრაციის ამ რეფორმაზე მუშაობა რუსეთში 2019 წელს დაიწყეს და რეფორმის ფარგლებში დღემდე უკვე რამდენიმე ათეული ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. 

კომენტარები