რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰეილი: ველი, რომ ტრამპი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განაგრძობს მოკავშირეებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერას.

"მოლოდინი მაქვს, რომ აშშ განაგრძობს მოკავშირეებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება" – ამბობს ჰეილი.

ჰეილიმ ასევე თქვა, რომ მისი აზრით, ტრამპი NATO-ს ერთგული დარჩება, თუმცა, ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ თავდაცვისთვის მეტი უნდა დახარჯოს. 

"არ მგონია, რომ აშშ ზურგს შეაქცევს NATO-ს. ისინი იაზრებენ ალიანსისა და ევროპაში დამატებითი კონფლიქტის თავიდან არიდების მნიშვნელობას" – თქვა ჰეილიმ.

რამდენიმე დღის წინ, Axios-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ზელენსკისთვის გარკვეულწილად იმედისმომცემი იყო. ამასთან, მასში SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკიც მონაწილეობდა.

გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი სატელეფონო ზარს დადებითად აფასებს და მის შედეგად ზელენსკის აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტასა და ტრამპის პრეზიდენტობაზე შიშები არ გასჩენია. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ საუბარმა "ზელენსკის სასოწარკვეთილების განცდა არ დაუტოვა". 

Axios-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის საუბარი დაახლოებით 25 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, მილოცვის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, მასკმა საუბრისას თქვა, რომ Starlink-ით უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებდა.

 

კომენტარები