ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, საოლქო კომისიებმა უარი თქვეს ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროებაზე. ნაცვლიშვილის ცნობით, ამ საკითხზე ძლიერმა საქართველომ 73 საოლქო კომისიაში შეიტანა საჩივარი.
"მიგვაჩნია, რომ არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მოხდა არჩევნების მიტაცება და ამ დანაშაულის მთავარი სამხილები არის ე.წ. სამაგიდო სიებში და ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ სიებში. სწორედ ამიტომ, რომ დანაშაულის მთავარი სამხილები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, რაც ნათელს გახდის უპრეცედენტო გაყალბების სქემას, ძლიერმა საქართველომ 73 საოლქო კომისიაში შეიტანა საჩივარი, სადაც ჩვენ იმ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ადასტურებს არჩევნების მიტაცების სქემას, ვითხოვდით, რომ მომხდარიყო ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროებას.
ანუ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელი ამომრჩეველი რომელ უბანზე არის დარეგისტრირებული, როგორც ხმის მიმცემი და კენჭისყრაში მონაწილე პირი. ეს არის ის სიები, რომელიც ინახავს საკვანძო ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
[...] ნაცვლად იმისა, რომ საოლქო კომისიებს დამოუკიდებლად განეხილათ და მიეღოთ გადაწყვეტილება ჩვენს საჩივრებთან დაკავშირებით, ტოტალურად არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, რაც ადასტურებს, რომ სწორედ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც საოლქო კომისიები და მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია მალავს. საოლქო კომისიები მოქმედებენ არა როგორც კანონი ავალდებულებთ მათ, დამოუკიდებლად, არამედ მათ მიღებული აქვთ უკანონო, ცენტრალიზებული დირექტივა, რომ დანაშაული დაფარონ" - თქვა ნაცვლიშვილმა.





