გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე გზა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ვიწყებთ. ეს არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დღეის მდგომარეობით, თავისი სივიწროვიდან გამომდინარე, გადაადგილების მხრივ, ქალაქში ერთ-ერთი პრობლემური კვანძია. გვინდა, რომ ამ ტერიტორიაზე გზის გაფართოების სამუშაოები დავიწყოთ, იმისთვის, რომ ამ მონაკვეთზე გამტარუნარიანობა გავზარდოთ.
ამის გარდა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები. ასევე, ტროტუარები, რომ ფეხით გავლა ნორმალურად იყოს შესაძლებელი. ამ პროექტის განხორციელებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ამისთვის, დაახლოებით, 4 მილიონი ლარი დაიხარჯება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ამ ტერიტორიაზე თბილისის მერიამ ბენზინგასამართი სადგურები აიღო, რის შედეგადაც გზის დამატებითი ზოლის გაკეთება შესაძლებელი გახდა.