არჩევნები 2024

ჯაფარიძე: ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ხმის დაცვას, ცესკოს შედეგი აცდენილია მოქალაქეების ნებას

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრეს. ლელოს ლიდერების თქმით, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, თუმცა, კოალიცია მთელი ღამის განმავლობაში შეეცდება დარჩენილი დასათვლელი ხმების დაცვას.

"ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი მოქალაქეების ნებას. ეს არის მანიპულაციების, დაშინების და ათასგვარი სრულად არაკანონიერი ინსტრუმენტების გამოყენებით მიღებული შედეგი და ის ვერ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნების ამსახველი. ჩვენ გვავალდებულებს ის მხარდაჭერა, რაც მივიღეთ, რომ გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა და ჩვენ ამას ვახორციელებთ ამ კონკრეტულ მომენტში" – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ცოტა ხნის წინ, ბრიფინგი ასევე გამართეს კოალიცია ცვლილებების ოფისში. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო გადატრიალებაში ადანაშაულებენ.

გვარამიას თქმით, მათ კოალიციას გაშიფრული აქვს ტექნოლოგიური სქემა, რომლის დახმარებითაც არჩევნები გაყალბდა.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გარდა არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაზე არასამთავრობო სექტორმაც ილაპარაკა. მოძრაობა ჩემი ხმის მიხედვით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა არჩევნებს, აცხადებს, რომ ცესკოს წინასწარი შედეგები არ ასახავს მოქალაქეების ნებას.

კომენტარები