მოლდოვაში რეფერენდუმისა და არჩევნების შემდეგ ყველა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თუ მოქალაქეებისგან რა მცირედით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენას. მიუხედავად ამისა, ეს ქვეყნისთვისა და მოქმედი მთავრობისთვის კვლავ გამარჯვება იყო.
ევროინტეგრაციის შესახებ ინიციატივას მხარი რეფერენდუმის მონაწილეთა 50.46%-მა დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ მიუთითებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის შემცირებაზე. გასული 15 წლის განმავლობაში სოციალური გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ მოლდოველების უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში 65%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამიტომაც გაჩნდა კითხვები, რატომ დადგა ეს შედეგი. პასუხის გაცემა არც ისეთი რთულია და ის მოლდოვაში პროევროპული ამომრჩევლის ძლიერ მხარეზე უფრო მიუთითებს, ვიდრე სუსტზე.
პირველი და უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან მართული დეზინფორმაცია და საარჩევნო მანიპულაციები იყო. პრორუსულმა ძალებმა, რომლებსაც ასევე ძლიერი კავშირები აქვთ პრეზიდენტ მაია სანდუს ოპონენტებთან, გამოიყენეს მოსყიდვისა და დამაბნეველი ინფორმაციის გავრცელების სტრატეგია.
პრეზიდენტმა სანდუმ რეფერენდუმის დღესვე თქვა, რომ მათი მტკიცებულებების თანახმად, დანაშაულებრივმა ჯგუფებმა მოლდოვის 300 000 მოქალაქის მოსყიდვა და ამ გზით შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა სცადეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით არჩევნებისა და რეფერენდუმის დღეს ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობდა.
"ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ" - დაწერა სანდუმ, რომელმაც კვლავ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლის გაგრძელება მეორე ტურში მოუწევს.
ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმის მსგავსი შედეგები ასევე შეიძლება მეტად იყოს დაკავშირებული მთავრობის პოლიტიკის შესახებ მოქალაქეების უკმაყოფილებასთან, ვიდრე ევროინტეგრაციის იდეის უარყოფასთან. მაია სანდუ მოლდოვაში ევროინტეგრაციის მთავარ მხარდამჭერ ძალას წარმოადგენს ამაზე ისიც მიუთითებს, რომ სანდუს მხარდაჭერა წინა არჩევნების შემდეგ შემცირებულია. თუმცა, ფაქტია, რომ ის ქვეყანაში კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და მოქალაქეების არა აბსოლუტური, თუმცა უმრავლესობა მისი აქტიური მხარდამჭერია.
საინტერესოა, რომ ძლიერი საგარეო ჩარევის ფონზე მოლდოვის ევროპული მისწრაფებები და მთავრობა რეპუტაციული ზიანისგან სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოლდოველებმა იხსნეს, რომლებზეც რუსეთსა და მის სატელიტებს გავლენა არ აქვთ.
ამჟამად ქვეყნის საზღვრებს გარეთ, დაახლოებით, მოლდოვის მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. არჩევნებში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით გახსნილ 234 საარჩევნო უბანზე მათგან 240 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო და დაახლოებით 75%-მა ხმა სწორედ კონსტიტუციაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერის გაჩენას მისცა.
ამასთან იყო დაკავშირებული პირველადი შედეგებით პანიკაც, როცა მათ შორის მედიამაც აქტიურად დაიწყო გაშუქება, რომ მოლდოველების უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრე არ იყო. საქმე ისაა, რომ საზღვარგარეთის უბნების დათვლა რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო და დაახლოებით 180 ათასმა ხმამ, რომელიც მხარს უჭერდა ახალი ჩანაწერის გაჩენას, საბოლოოდ გადაწონა შედეგები - სულ 12 000 ხმით, მაგრამ მაინც გადაწონა.
ეს კარგი მაგალითია საქართველოსთვისაც, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მსოფლიოს მასშტაბით ქართველი ემიგრანტები 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მეტ ხელშეწყობასა და მეტი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ.
მობილიზებულ დიასპორას არჩევნებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ქართული ოცნების ხელისუფლებას კარგად ახსოვს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მათ ხმების მხოლოდ 29% მიიღეს და იციან, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მეტწილად ხმას პროევროპულ ოპოზიციას უჭერენ.
შესაბამისად, ვიღებთ უცნაურ ანალოგს მოლდოვასა და საქართველოს შორის - როცა პროევროპულ ხელისუფლებას პროევროპულ დიასპორაზე დაყრდნობა შეუძლია და როცა ანტიევროპულ ხელისუფლებას პროევროპული დიასპორა აშინებს.
შემდეგი კვირები რთული იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე მოლდოვისთვის. 20 ოქტომბერს მოლდოვაში რუსეთის ჩარევის მთავარი სამიზნე რეფერენდუმი იყო, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახალი მთელი ფოკუსი არჩევნების მეორე ტურსა და მაია სანდუს წინააღმდეგ გადაინაცვლებს.
მოლდოვაში ომისა და რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შიშის მოსახლეობაში დასათესად მუშაობა რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას უწევს. ანალიტიკოსები ასევე ელიან, რომ შეიძლება მომდევნო დღეებში რუსეთმა უკრაინისა და მოლდოვის საზღვარზე შეტევებიც გააძლიეროს, რათა მოქალაქეებში ომის მიმართ შიში გააღვივოს და ეს მაია სანდუს ხელისუფლების პროევროპულ ტრაექტორიას დაუკავშიროს.
ამავე დროს, რუსეთს მსგავსი ტაქტიკით საქართველოში მუშაობა არ უწევს, რადგან ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლება თავად თესავს მოქალაქეებში ჰიპოთეზური ომის შიშს და ამაში დასავლეთს ადანაშაულებს.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ახლა ორივე ქვეყანაში მოქალაქეებსა და მათ გამძლეობას ეკისრება, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობოდეს. ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც ცდილობენ უხეშად არ ჩაერიონ დემოკრატიულ პროცესებში, რაც ლოგიკურია. თუმცა, საჭიროა, რომ ყველა დარღვევა თუ დემოკრატიული გადაცდომა შესაბამისად იქნას შეფასებული. ეს ერთი მხრივ შეამცირებს რუსული ძალების გავლენას, ხოლო მეორე მხრივ მოქალაქეებში მეტ იმედს გააჩენს.
ავტორი: ირაკლი მაჩაიძე




