თურქეთი

თურქეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო

Necati Savas / EPA

ქურთისტანის მუშათა პარტიამ (PKK) 23 ოქტომბერს თურქეთში მთავრობის მართვაში არსებულ ავიაკოსმოსურ კომპანიაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაიჭრა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, თურქული ავიაკოსმოსური მრეწველობის (TUSAS) სათავო ოფისზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს ორივე თავდამსხმელი - ქალი და კაცი - მოკლეს.

დაღუპულებს შორის TUSAS-ის ოთხი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლია, რომელმაც თავდამსხმელები სათავო ოფისთან მიიყვანა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კომპანიის ოფისთან მომხდარი აფეთქება ჩანს, რომლის შემდეგაც შეიარაღებული პირი შენობის საპარკინგე ადგილზე გადაადგილდება. ამას გარდა, სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებულ სხვა ვიდეოში თავდამსხმელები ჩანან, რომლებიც ზურგჩანთებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობენ.

მანამდე, თურქეთის მთავრობა ამბობდა, რომ თავდასხმაში PKK-ს პასუხისმგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდათ, ხოლო პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თავდასხმის მიზანი "ქვეყნის არსებობის საკითხი" იყო.

კომენტარები