თურქეთი

თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა

სოციალური მედია

თურქეთის მთავრობის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქთან შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ მთავრობის მართვაში არსებულ ავიაკოსმოსურ კომპანიაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაიჭრა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას თქმით, თურქული ავიაკოსმოსური მრეწველობის (TUSAS) სათავო ოფისზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს ორივე თავდამსხმელი - ქალი და კაცი - მოკლეს.

დაღუპულებს შორის TUSAS-ის ოთხი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლია, რომელმაც თავდამსხმელები სათავო ოფისთან მიიყვანა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კომპანიის ოფისთან მომხდარი აფეთქება ჩანს, რომლის შემდეგაც შეიარაღებული პირი შენობის საპარკინგე ადგილზე გადაადგილდება. ამას გარდა, სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებულ სხვა ვიდეოში თავდამსხმელები ჩანან, რომლებიც ზურგჩანთებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობენ.

თავდასხმაზე ამ დროისთვის პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს აუღია, თუმცა ჟურნალისტებთან თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა თქვა, რომ, შესაძლოა, თავდასხმის უკან "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) წევრები ყოფილიყვნენ. PKK თურქეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავთ შეყვანილი.

კომენტარები