რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რუსული აქტივებიდან უკრაინას €35 მილიარდი გადასცეს

europarl.europa.eu

დღეს, 22 ოქტომბერს, ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის €35 მილიარდის ღირებულების სესხის გადაცემას, რომლის დაფინანსებასაც უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან შეძლებს.

რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისთვის ახალი მაკროსაფინანსო დახმარების მომხრე 518 ევროპარლამენტარი იყო, მოწინააღმდეგე - 56, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 61-მა შეიკავა.

€35 მილიარდი ევროკავშირის წილია ივნისში დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებულ დახმარების პაკეტში, რომლის საერთო ღირებულებაც €45 მილიარდია. უკრაინა აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას ახლად შექმნილი მექანიზმით მიიღებს და მის გადახდას უკრაინა მომავალში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული მოგებით შეძლებს.

ამასთანავე, სესხი გარკვეულ პირობებთანაც არის დაკავშირებული, რაც გულისხმობს, რომ უკრაინა დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთგული დარჩება, ადამიანის უფლებებს პატივს სცემს და ურთიერთგაგების მემორანდუმში გაწერილი სხვა პოლიტიკური პუნქტების ერთგული დარჩება.

"უკრაინა დაუღალავად უძლებს რუსულ აგრესიას და მისი მამაცი მოქალაქეები არა მხოლოდ საკუთარი არსებობისთვის იბრძვიან, არამედ ასევე დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართალს იცავენ ყველა ჩვენგანისთვის. ფინანსური დახმარების საჭიროება დიდია და გადაუდებელი. რუსეთმა [საფასური] უნდა გადაიხადოს უკრაინის მოსახლეობაზე თავდასხმებისთვისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ქალაქების, სოფლებისა და სახლების განადგურებისთვის. მაშასადამე, უკრაინის ხელახლა აშენების ტვირთი რუსეთს საკუთარ მხრებზე დააწვება". - განაცხადა ევროპარლამენტარმა კარინ კარლსბრომ.

სექტემბერში ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის €35 მილიარდის ღირებულების სესხი დააანონსა, რომელიც დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებული €45-მილიარდიანი სესხის ნაწილია. აღნიშნული სესხის დაფინანსება მომავალში გაყინული რუსული აქტივებიდან მოხდება.

სანქციების გამო ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით €210 მილიარდის ღირებულების აქტივებია გაყინული. ევროკავშირის მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ ამ აქტივებიდან შემოსული მოგება უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.

კომენტარები