საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრიი სიბიჰასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საფრანგეთი NATO-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევისთვის ღიაა, თუმცა პარტნიორებთან ამ თემაზე საუბრებს განაგრძობს.
"რაც შეეხება უკრაინის NATO-ში გასაწევრიანებლად მიწვევას, ამისთვის ღია ვართ და ამაზე ჩვენს პარტნიორებთან საუბრები გვაქვს". - თქვა ბარომ.
17 ოქტომბერს ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წინაშე უკრაინის გამარჯვების გეგმა წარადგინა, რომელიც NATO-ში უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებასაც მოიცავს.
მანამდე, 16 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერფ წარდგენილ "გამარჯვების გეგმას" ერთხმად მხარი დაუჭირა.
"უმაღლესმა რადამ უკრაინის გამარჯვების გეგმა მიიღო. უკრაინის პარლამენტი ზელენსკის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს უჭერს. რადა სრულად ჩართული იქნება გამარჯვების გეგმის განხორციელებაში". - თქვა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.
უკრაინის გამარჯვების გეგმა 5 ძირითად პუნქტს და 3 საიდუმლო დანართს მოიცავს:
1. უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანება
2. უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება; უკრაინის სამხედრო ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა; პარტნიორებთან ერთად უკრაინის ცის დაცვა რუსული დრონებისგან; დასავლურ სადაზვერვო ინფორმაციებთან წვდომა; შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიღება.
3. უკრაინის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული იარაღის განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება მომავალში, რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი სახის საფრთხისგან დასაცავად;
4. უკრაინის ეკონომიკის და სამხედრო წარმოების მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების პარალელურად.
5. უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას NATO-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირველი 4 პუნქტი ომის დროს, მეხუთე კი ომის შემდეგ უნდა განხორციელდეს.





