უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმას" გამოეხმაურა და მას "საშიშზე მეტი" უწოდა.
ზელენსკიმ "გამარჯვების გეგმა" უკრაინის უმაღლეს რადას გუშინ, 16 სექტემბერს, ევროპული საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე წარუდგინა.
"დღეს პრეზიდენტი ზელენსკი [ევროპული საბჭოს წინაშე] გამარჯვების გეგმას წარადგენს. ის, რაზეც მან გუშინ უკრაინულ პარლამენტში ისაუბრა, საშიშზე მეტია. მე ერთ-ერთი ვარ იმათგან, ვინც ევროკავშირს ამჟამინდელი სტრატეგიის შეცვლისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი ამ ომში ცუდად ორგანიზებული, ცუდად განხორციელებული და ცუდად გათვლილი სტრატეგიით ჩაება, რომლის გამოც მთავარი პასუხისმგებლობა ევროკომისიის პრეზიდენტს [ურსულა ფონ დერ ლაიენს] ეკისრება", - წერს უნგრეთის პოპულისტი ლიდერი Facebook-ზე.
ორბანი თავის Facebook-პოსტში ასევე წერს, რომ ომის შესაჩერებლად არა ომის, არამედ "მშვიდობის სტრატეგიაა საჭირო". მან გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს "მთლიანად ევროკავშირის სახელით" მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა, რათა "რაც შეიძლება სწრაფად მოინახოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან".
როგორც გამოცემა Politico წერს, ორბანის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის სხვა ლიდერების, მათ შორის, ბლოკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პოზიციასთან, რომელსაც სურს, რომ ევროპულმა საბჭომ, სხდომის შემდეგ "ევროპის სამშვიდობო მექანიზმიდან ფინანსური დახმარების "დებლოკირება" მოხდეს და უკრაინას მეტი სამხედრო დახმარებაც გადაეცეს". უნგრეთი უკვე 1 წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირისგან კიევისთვის 6.6 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გაცემას ბლოკავს.
დღეს, 17 ოქტომბერს ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმა ევროპული საბჭოს წინაშე უკვე წარადგინა.
გუშინ, 16 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ "გამარჯვების გეგმას" ერთხმად მხარი დაუჭირა.
"უმაღლესმა რადამ უკრაინის გამარჯვების გეგმა მიიღო. უკრაინის პარლამენტი ზელენსკის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს უჭერს. რადა სრულად ჩართული იქნება გამარჯვების გეგმის განხორციელებაში". - თქვა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.
უკრაინის გამარჯვების გეგმა 5 ძირითად პუნქტს და 3 საიდუმლო დანართს მოიცავს:
1. უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანება
2. უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება; უკრაინის სამხედრო ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა; პარტნიორებთან ერთად უკრაინის ცის დაცვა რუსული დრონებისგან; დასავლურ სადაზვერვო ინფორმაციებთან წვდომა; შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიღება.
3. უკრაინის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული იარაღის განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება მომავალში, რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი სახის საფრთხისგან დასაცავად;
4. უკრაინის ეკონომიკის და სამხედრო წარმოების მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების პარალელურად.
5. უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას NATO-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირველი 4 პუნქტი ომის დროს, მეხუთე კი ომის შემდეგ უნდა განხორციელდეს.