"უკრაინა NATO-ს 33-ე ან 34-ე წევრი იქნება" – ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ბრიუსელში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
"ამჟამად, ჩანს, რომ უკრაინა 33-ე წევრი იქნება, მაგრამ, შესაძლოა, მას ვინმემ დაასწროს, თუმცა, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ვაშინგტონში" – თქვა რუტემ.
რუტეს თქმით, NATO გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება რუსეთთან სამართლიან პირობებში მოლაპარაკების დასაწყებად.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ეს არის ჩვენი გზავნილი პუტინისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ზელენსკიმ და უკრაინამ რუსეთთან საუბარი ძალის პოზიციიდან დაიწყოს. მაგრამ, სანამ ეს დრო დადგება, მას ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს და პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევწყვეტთ [უკრაინის] დახმარებას" – ამბობს რუტე.





