სამთავრობო მედია რუსთავი 2 ამტკიცებს, რომ ნიკა გილაური საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატია.
კურიერის ინფორმაციით, გილაური ათონელის რეზიდენციაში იმყოფება და მას შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.
ნიკა გილაური 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს, მანამდე კი ენერგეტიკის და შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტებს იკავებდა, თუმცა ბოლო 12 წელია, მისივე თქმით "აპარტიულია".
გილაურმა 5 ოქტომბერს საჯარო ლექცია გამართა, "საქართველოს ისტორიული შანსი: შესაძლებლობა რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან", სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა, იმაზე, რომ დროული ეკონომიკური რეფორმების გატარების შემთხვევაში, საქართველოს მოკლე ვადაში შეუძლია ძლიერ ეკონომიკად და რეგიონში მთავარ აქტორად გარდაიქმნას.
მისივე განცხადებით, 12 წელია, რაც რეგიონის განვითარების პროექტზე მუშაობს და გადაწყვიტა, რომ ეს დოკუმენტი გაუზიაროს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პრეზიდენტს და რომ მისი მთავარი მიზანი არა რომელიმე პოლიტიკურ სიაში აღმოჩენაა, არამედ გამოცდილების გაზიარება.
"30 ქვეყანას ვეხმარები და საკუთარ ქვეყანას არ დავეხმარები? რა პრობლემაა" - თქვა მან ლექციაზე.
მოგვიანებით გილაურმა Facebook-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებაში გაჩენილ მთავარ კითხვებს უპასუხა.
"მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ და ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვაშენებდი საკონსულტაციო კომპანია რეფორმატიკსს. კომპანიის მიზანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაში მთავრობების დახმარებაა.
ამ პერიოდის განმავლობაში 30-მდე ქვეყანაში განვახორციელეთ ასეთი ტიპის პროექტები. ჩვენ წარმატებულად ვიმუშავეთ და დღემდე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარეს ამ ქვეყნებმა და ძალიან ბევრი ჩვენც ვისწავლეთ მათგან.
ამ ბოლო 12 წელიწადში მოვახერხეთ და რეგიონალური, ძალიან ძლიერი კომპანია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ოფისები აქვს (და ახლა გახსნის პროცესში ვართ) 7 ქვეყანაში (კავკასია, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი) და ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დამატებით კიდევ 30 ქვეყანაში ოფისების გახსნაზე.
ჩვენი საქმიანობით საქართველოს წარმატებული გამოცდილება უფრო ცნობადი და დაფასებული გავხადეთ ქვეყნის გარეთ და რეალურად ქართული რეფორმების ექსპორტი განვახორციელეთ. ბოლო ხანებში მთავრობების გარდა ხელშეკრულებები გავაფორმეთ რამოდენიმე გლობალურ კომპანისთან მათი ინტერესების წარმოსადგენად მთავრობებთან ურთიერთობებში, რაც ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ასევე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა ხელშეკრულება მაკკინზისთან (საკონსულტაციო ინდუსტრიის გლობალურ ლიდერთან) და ერთად ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჩვენი კონსულტაციების მიმართ დაინტერესება არ იყო, ჩვენ ყოველთვის ვადევნებდით თვალს და ვაანალიზებდით არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. მათ შორის, შევიმუშავეთ და საჯაროდ ხელიმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი ხედვა და ანტი-კრიზისული გეგმა COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების დაძლევასთან დაკავშირებით. ასევე შევიმუშავეთ და ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმას". - წერდა ის სოციალურ ქსელში.
12 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს.
"ვაპირებ, წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წარdგენილი. [...] არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგაოდებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის კონტროლის ქვეშ"- განაცხადა მან.