ირაკლი რუხაძე

რუხაძის კომპანია, Hunnewell Partners, ქვეყანაში კრიზისს თავის სასარგებლოდ იყენებს – Meduza

ირაკლი რუხაძე

გამოცემა Meduza-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ სამთავრობო მედია TV იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანია, Hunnewell Partners, ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებას თავის სასარგებლოდ იყენებს. 

სტატია Meduza-ს პერიოდულ გამოცემაში, The Beet-ში ჟურნალისტმა ვილ ნილმა გამოაქვეყნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Hunnewell Partners როგორც TV იმედის, ისევე ლიბერთი ბანკის მფლობელია, ხოლო რუხაძე ორივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ამის ფონზე, სტატიაში რიგ მასალებზე დაყრდნობით გამოთქმულია ვარაუდი, რომ TV იმედი სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებისა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების საშუალებით კომპანიას ხელისუფლებისგან სამართლებრივი დევნისგან შეიძლება იცავდეს, ლიბერთი ბანკს კი შეიძლება პენსიონერები შეცდომაში შეჰყავს და მათ ექსპლუატირებას ეწევა, რითაც საბოლოოდ რუხაძის კომპანია სარგებელს ნახულობს.

სტატიაში წერია:

უკრაინაში რუსეთის ომიდან ორნახევარი წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობები სავსებით გაანადგურა, აშშ და ევროკავშირი კონსპირაციულ "გლობალური ომის პარტიად" წარმოაჩინა, რომელსაც ჯიუტად აქვს გადაწყვეტილი, ისინი მიმდინარე კონფლიქტში ჩაითრიოს, ამავდროულად, ქვეყანა მოსკოვისკენ შეატრიალა და ძალადობრივი ავტორიტარიზმის გზას დაადგა. აშშ-ს მხრიდან დახმარების შეჩერებისა და მაღალჩინოსნების სანქცირების, მოსახლეობაში ევროკავშირში წევრობის 80%-იანი მხარდაჭერის მიუხედავად გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განუსაზღვრელი ვადით შეჩერების ფონზე, საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ოპოზიციას აკრძალავს, თუ ამ თვეში გაიმარჯვებს. არჩევნების გაყლბების ისედაც ფართოდ გავრცელებული შიშები მატებას განაგრძობს. 

შიდა წყაროებზე, სასამართლოს დოკუმენტებზე, მედია მონიტორინგის ანგარიშებსა და მსხვერპლთა ჩვენებებზე დაყრდნობით, The Beet-ს ახლა შეუძლია, გამოავლინოს, თუ როგორ იყენებს კულისებს მიღმა ბრიტანული კერძო კაპიტალის ფონდი ამ განუხრელად მზარდ პოლიტიკურ კრიზისს თავისი სარგებლისთვის. რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის ფერფლიდან აღმოცენებული Hunnewel Partners-ს ბრალად ედება საქართველოს უდიდესი სატელევიზიო ქსელზე კონტროლის გამოყენება მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის განსამტკიცებლად. კრიტიკოსთა თქმით, ამის სანაცვლოდ ხელისუფლება პოტენციურად ასი ათასობით ქართველი პენსიონერის სავარაუდო ექსპლუატაციაზე თვალს ხუჭავს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პარტია მოქალაქეების წევრებმა, ქეთევან ტურაზაშვილმა და გიორგი რეხვიაშვილმა ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ ორი პენსიონერის საქმეზე სარჩელი შეიტანეს და მას დაახლოებით 354 000 პენსიონერის ექსპლუატირებაში ბრალს სდებენ.

გამოცემა წერს, რომ სარჩელის თანახმად, ლიბერთი ბანკის თანამშრომლებმა პენსიონერებს არ განუმარტეს, რომ მათ მიერ სესხის აღების შემდეგ პენსიიდან ყოველთვიურად დაქვითული თანხა არა თავდაპირველი სესხის, არამედ პროცენტების დაფარვას ხმარდებოდა. შედეგად, მათ გაცილებით მეტი თანხა გადაიხადეს, ვიდრე ნასესხები ჰქონდათ. 

სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუხაძის კომპანია, Hunnewell Partners, რომელიც, როგორც ლიბერთი ბანკს, ისევე TV იმედს ფლობს, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარებით ხეირობს, მას უფრო აღრმავებს და სამთავრობო პოლიტიკას ატარებს, რისი წყალობითაც შეუძლია უკანონო ფინანსური სქემები აწარმოოს. 

"(რედ. - ეს) იმიტომ, რომ ირაკლი რუხაძე TV იმედის მფლობელია. ეს არხი ყოველთვის სამთავრობო პროპაგანდას ავრცელებს, მმართველ პარტიაზე მხოლოდ კარგ რაღაცებს ამბობს და ოპოზიციაზე ტყუილებს ავრცელებს. ვფიქრობ, ეს არის მთავრობის მხრიდან რუხაძისადმი გაწეული სამსახურია - შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო, რაც გინდა, [...] და ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ". - თქვა ტურაზაშვილმა გამოცემასთან საუბრისას.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ TV იმედი მთავრობის ანტიდასავლურ კამპანიაში ჩაერთო და ყალბი და შემაცდენელი განცხადებების გავრცელება დაიწყო:

საქართველოში მიკერძოებული მაუწყებლობა სიახლეს არ წარმოადგენს. 2001 წელს ტელეარხ იმედის დაარსებიდან მოყოლებული, მას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ, თუმცა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, არხის სამთავრობო მიდრეკილება იმდენად გაღრმავდა, რომ ყალბი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელება დაიწყეს, რომლებსაც ქართველი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რასაც კრიტიკოსები ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მოიაზრებენ.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამ დამოკიდებულების გაღრმავების შემდეგ იმედი რიგმა თანამშრომლებმა დატოვეს - მათთვის არხის მზარდად ანტიდასავლური ღირებულებები მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც გამოცემა წერს, იმედის ზოგმა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, მათთან საუბრისას თქვა, რომ ცვლილება უცაბედად არ მომხდარა.

"ისევეა, როგორც მდუღარე წყალში ბაყაყი. თავდაპირველად, ცივად იწყებ. შემდეგ ნელ-ნელა თბება და საბოლოოდ, ბაყაყს ამოხტომა ავიწყდება". - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემასთან საუბრისას.

გამოცემა ასევე ვაშინგტონში იმედის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, რუსუდან შელიას გაესაუბრა. 

"დღეს ჩემი ყოფილი კოლეგები მონაწილეობენ კამპანიაში, რომელიც, ჩემი მტკიცე რწმენით, საქართველოს დასავლურ მომავალს ძირს ძალიან დიდი ხნით გამოუთხრის. [...] ამის ნაწილი ვერასდროს ვიქნებოდი. მე გავიზარდე რწმენით, რომ ჩემი ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რუსეთის გავლენისგან, რომელიც გამოცდილი მაქვს, რასაც ნიშნავს: ომს, ძალადობასა და ჩაგვრას". - თქვა შელიამ გამოცემასთან საუბრისას. 

კომენტარები