რუსული რეჟიმი

ილიაუნი: ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გამყარდა ეჭვი, ის არ მოქმედებდა დამოუკიდებლად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, გუშინ საღამოს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომელიც უნივერსიტეტის თქმით, "შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად". 

"გუშინ გვიან საღამოს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომლის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია სრულიად ბუნდოვანი, ავტორიზაციის დებულებასთან აცდენილი ჩანაწერით. ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად.

აშკარაა, რომ დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებით საბჭომ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც.

ილიას უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უახლოეს ხანში მოამზადებენ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ანალიზს და ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით მოაწყობენ ღია განხილვას.

ილიაუნი დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას; ამასთანავე, გამოიყენებს აპელაციის ყველა იმ მექანიზმს, რომლებიც განსაზღვრულია საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ასოციაციების სტანდარტებით". - ნათქვამია განცხადებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ავტორიზაციის საბჭოს მიერ, 1 წლიანი, პირობითი ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 26 სექტემბერს გამართულ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, ბიურომ განმარტების გარეშე შეცვალა ექსპერტთა წარდგენილი უმაღლესი შეფასებები.

აქამდე განათლების მკვლევარმა, სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, პირობითი ავტორიზაციის სახით მიანიჭა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.

კომენტარები