გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორები მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები არიან.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა, თუმცა, მათი განმარტებით, ისინი რეზოლუციის შინაარს იზიარებდნენ, მაგრამ ფრაქციამ წინააღმდეგ ხმა იმის გამო მისცა, რომ სამთავრობო კოალიციის პარტიებმა ტექსტი მათთან ერთად წინასწარ არ განიხილეს.
ამავდროულად, შინაარსობრივად საპირისპირო რეზოლუციის პროექტი წარადგინა ულტრამემარჯვენე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის. პროექტს კენჭს მოგვიანებით უყრიან, თუმცა, ბუნდესტაგის მიერ მისი მხარდაჭერა ნაკლებად სავარაუდოა.
მიღებულ რეზოლუციაში კი ხაზგასმულია, რომ გერმანია კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამავდროულად კი, აკრიტიკებს ქართული ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს.
ამასთან, რეზოლუციაში ბუნდესტაგი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ რუსული კანონი ძალაშია.
"ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ცხრა პუნქტიდან ორს, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფას და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. კანონი სულისკვეთებით შეესაბამება რუსეთის "უცხოელი აგენტების კანონს". - წერია რეზოლუციაში.
როგორც რეზოლუციაში წერია, ამ კურსით საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის და ქვეყნის ევროპულ მომავალს შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ.
ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.
ამავდროულად, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსისთვის გადამწყვეტი იქნება. ბუნდესტაგი აქტიურად დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. დეპუტატების თქმით, გერმანიისა და საქართველოს მომავალი ურთიერთობები იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რამდენად სამართლიან გარემოში ჩაივლის არჩევნები.
გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია LGBTQIA+ პირების უფლებების შემზღუდველი კანონისა და ოფშორების შესახებ კანონის გაუქმებაზე.
"ქართული ოცნება ზრდის სექსუალური უმცირესობებისადმი შიშს და საარჩევნო კამპანიის მიზნით იყენებს დეზინფორმაციას და სიძულვილს LGBTQIA+ ინდივიდების მიმართ. გერმანიის ბუნდესტაგი მიიჩნევს, რომ LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკურად მოტივირებული სტიგმატიზაცია და მათი უფლებების კანონით შეზღუდვა მიუღებელია. ეს ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოების დამატებით გაყოფას". - წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციის ბოლო ნაწილში კი, გერმანიის ბუნდესტაგი გერმანიის ფედერალურ მთავრობას შემდეგი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს:
- იმუშაოს ევროკავშირის დონეზე, რათა უზრუნველყოს ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისს გაცემული რეკომენდაციების სრული შესრულება;
- ევროკავშირის დონეზე მოითხოვოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არ მოხდეს შემდგომი პროგრესი, სანამ ძალაშია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი;
- იხელმძღვანელოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების სულისკვეთებით, ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერით და საქართველოსთან ურთიერთობების მომავალი ფორმა დამოკიდებული იყოს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე;
- ეუთოსა და ევროპის საბჭოს ანგარიშებზე დაყრდნობით არჩევნების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, აყენებს თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობას არადემოკრატიული პრაქტიკა, რომელიც გამოვლინდა გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ წინასაარჩევნოდ, მაგალითად, მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებით;
- მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დევნა;
- ევროკავშირის დონეზე იმუშაოს იმისათვის, რომ მოუწოდოს ხელისუფლებას იმ კანონების გაწვევისკენ, რომლებიც მასიურად ზღუდავს LGBTQIA+ თემის წევრების უფლებებს და ეს გახდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის წინაპირობა;
- ევროკავშირის დონეზე იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოუწოდონ "ოფშორების კანონის" გაუქმებისკენ, რომელმაც შესაძლოა დაასუსტოს ეკონომიკური გამჭვირვალობა და ბრძოლა კორუფციის და სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ;
- მოუწოდოს, რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად დაგმოს რუსეთის ნებისმიერი გავლენა ტერიტორიებზე, რომლებიც დე ფაქტო კონტროლდება რუსული ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისევე როგორც საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები;
- იმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად, მიუხედავად ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლისა, ვინაიდან უვიზო რეჟიმის შეჩერება გავლენას მოახდენს მთელ მოსახლეობაზე და, შესაბამისად, პროევროპულ ძალებზეც;
- უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების და LGBTQIA+ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც განიცდიან რეპრესიებს და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს მათი დაცვისთვის ზომები;
- ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას, რათა დაფიქსირდეს ნებისმიერი ფაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიზნობრივი სანქციები;
- გააძლიეროს თანამშრომლობა და კულტურული გაცვლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და, საქართველოს სამთავრობო უწყებებისთვის ფედერალური სახსრების მიწოდებისას, უზრუნველყონ, რომ ისინი არ გამოიყენონ ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებისგან დასაშორებლად.





