საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს თქმით, უკრაინა Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს 2025 წლის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ ლეკორნუ X-ზე წერს.
როგორც ლეკორნუ წერს, კიევისთვის გადასაცემი ავიაგამანადგურებლები კაზოსა და ჟირონდის ქარხნებში აღიჭურვება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებითა და ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტებით.
"ავიაგამანადგურებლების მიწოდება 2025 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი [...] უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების მომზადება გრძელდება". - წერს მინისტრი.
Mirage 2000-5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ივნისში გამოაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის გაწვრთნას და აღჭურვოს უკრაინის ერთი სამხედრო ბრიგადა.





