საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია პირველის, TV ფორმულას და მთავარი არხის მიერ, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
აქამდე, ტელეკომპანია პირველმა, TV ფორმულამ და მთავარმა არხმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".
ქარტიის თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, არ უნდა დაავალდებულოს აღნიშნული ტელევიზიები საეთერო ბადეში განათავსონ ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეორგოლი.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ქართული ოცნების არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას.
ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია". - წერია ქარტიის განცხადებაში.