4 ოქტომბერს ღამით რუსეთში, ვორონეჟის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი თავის Telegram-არხზე წერს.
"ცარიელი ცისტერნა აალდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ". - წერს გუსევი.
ნავთობბაზაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენშტაბმაც გაავრცელა.
„ობიექტის რაიონში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობა შეიმჩნეოდა. დადასტურდა, რომ, სულ მცირე, ერთი ვერტიკალური რეზერვუარი დაზიანდა. ხანძარი გაცნდა“. - წერს გენშტაბი.
ოლქის გუბერნატორის თანახმად, უკრაინული დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩამოაგდეს, ერთ-ერთი კი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა.
ტელეგრამ-არხ Astra ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ქალაქ ანაში, ნავთობბაზა Аннанефтепродукт-ში გაჩნდა.
რუსულ ტელეგრამ-არხებში დრონის დაცემის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.
2024 წლის დასაწყისიდან უკრაინა რუსულ ნავთობბაზებს დრონებით თავს ესხმის, რის შედეგადაც არაერთ საცავზე ხანძარი გაჩნდა.
BBC-ის ინფორმაციით, 28 აგვისტოსთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში რუსეთის სანავთობო ობიექტებზე ჯამში 64-ჯერ მიიტანეს.
როსტოვის ოლქში ერთ-ერთი იერიშის შედეგად პროლეტარსკის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 16 დღის განმავლობაში ვერ აქრობდნენ.
ხანძარი 18 აგვისტოს გაჩნდა და 2 სექტემბერს ჩააქრეს.





