რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ალიანსის გენერალური მდივნის რანგში ეს რუტეს პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტია.

როგორც ალიანსის რელიზშია აღნიშნული, რუტე ზელენსკის NATO-ს მხრიდან უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაჰპირდა.

"ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მეხუთედ ჩამოვედი, თუმცა, ეს ჩემი პირველი ვიზიტი ალიანსის გენერალური მდივნის რანგში. ჩემთვის მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ NATO უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. მხარდაჭერის მიზანი გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა. როგორც ალიანსის გენერალურ მდივანს, თქვენი მხარდაჭერა ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია". - თქვა რუტემ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდების ოპერაცია აჩვენებს, როგორ შეუძლიათ მოკავშირეებს ადამიანების სიცოცხლის დაცვა ერთიანობით.

"დღეს ვიმსჯელეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებსა და მის მეზობლებთან თანამშრომლობაზე. ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, როგორ შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს ჩვენი მოკავშირეების ერთიანობის წყალობით. ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არ განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ისევე როგორც ირანის მიერ მიწოდებული Shahed-ის ტიპის დრონების ჩამოგდება, რომელიც რუსულ და ირანულ რეჟიმებს აკავშირებს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ელოდება NATO-სგან დახმარებასთან დაკავშირებით მიდგომის შეცვლას, რათა უკრაინამ უკეთ დაიცვას თავისი ცა.

"მეტი სიმტკიცე პარტნიორებისგან ჩვენს რეგიონში – ეს არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას". - დაამატა ზელენსკიმ.

კომენტარები