საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, " მანიპულაცია არ შეიძლება საელჩოს ბანერზე იყოს მოცემული" და აშშ-ს ელჩს მოუწოდებს "კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა".
"ჯერ ერთი, 1.8% არის 35 ათასზე მეტი ხმა, მანიპულაცია არ შეიძლება საელჩოს ბანერზე იყოს მოცემული. თან მაშინ 1.8 არ იყო, როცა საბოლოოდ დაიდო ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცდომილება იყო არა 1.8, არამედ, თუ არ ვცდები, 2.5, ანუ ქართული ოცნების შედეგის ცდომილება იყო არა 1.8, არამედ 2.5 - ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა, ვთხოვო ელჩს, რომ კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა.
მეორე, როცა საქმე ეხება მით უმეტეს 2.5%, რაც არის 50 000 ხმა, ანუ ISFED-ი ამტკიცებდა, რომ ქართულმა ოცნებამ გააყალბა 50 ათასი ხმა. ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, რომ ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი არა 1.8, არამედ 2.5 და მეორეც, ISFED-ი ჩვენ გვაბრალებდა და ხალხს ატყუებდა, რომ ქართულმა ოცნებამ გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ საბაბით ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ქონდა NGO-ების და 2 ელჩის მხრიდან". - თქვა კობახიძემ.
აშშ-ს საელჩო საქართველოში ქართული ოცნების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიმართ ბრალდებას ეხმაურება.
"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა" - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
30 სექტემბერს აშშ-ს საელჩო წერდა, რომ "მეორე ფრონტთან" დაკავშირებულმა ბრალდებებმა ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში თავი ისევ იჩინა.