უკრაინის რადაში დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მთლიანი სკოლის ტერიტორიაზე რუსულად საუბარს შეუზღუდავს.
ამის შესახებ კანონპროექტის ინიციატორმა, სახალხო დეპუტატმა და განათლების სპეციალისტმა, ნატალია პიპამ ისაუბრა.
"ჩვენ 2021 წლიდან ყველა სკოლას საგანმანათლებლო პროცესის უკრაინულ ენაზე წარმართვას ვავალდებულებთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გაკვეთილის დამთავრებისთანავე, ბავშვები და ზოგჯერ მასწავლებლები გადადიან რუსულად საუბარზე. ამის შესაცვლელად დავარეგისტრირებ კანონპროექტს, რომელიც შესვენების დროს, სკოლის ეზოში, სტადიონზე და სკოლის მთელ ტერიტორიაზე ყველას უკრაინულად ლაპარაკს დაავალდებულებს". - წერს პიპა.
2023-2024 წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გაკვეთილებსა და შესვენებებზე მოსწავლეების მხოლოდ 41% საუბრობს ექსკლუზიურად უკრაინულ ენაზე.
დეპუტატის განმარტებით, ცვლილებები უკრაინულენოვან ბავშვებზე ზეწოლის, ენის გამო კონფლიქტებისა და ბულინგის გამოა საჭირო. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ბავშვებისთვის, ვინც უკრაინულად არ საუბრობს, სწავლა უფრო რთულია.
"ბავშვებს, რომლებმაც პირველი კლასიდან არ იციან უკრაინული, უჭირთ სკოლაში სწავლა, ჩამორჩებიან კითხვას, უარესად ითვისებენ მასალას, მათ აქვთ შედარებით უარესი შედეგები ტესტებზე და შესაბამისად უფრო უჭირთ მომავალში ჩაბარება და მუშაობის დაწყება. რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ ზოგიერთ ოჯახში მშობლები და ბავშვები რუსულად საუბრობენ. მე მოვუწოდებ ასეთ მშობლებს, შვილებთან უკრაინულად ისაუბრონ". - ამბობს ნატალია პიპა.
ამ კანონპროექტს „განათლების შესახებ“კანონში „უკრაინულენოვანი გარემოს“ კონცეფცია შემოაქვს და საგანმანათლებლო დაწესებულებების დამფუძნებლებს, მენეჯერებს და თანამშრომლებს ავალდებულებს შექმნან და შეინარჩუნონ უკრაინულენოვანი გარემო.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მასწავლებლებმა შესვენების, კაფეტერიაში ან სკოლის ტერიტორიაზე კერძო კომუნიკაციის დროს რუსულ ენაზე გადასვლა ვერ შეძლონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული ენის გამოყენებას 45 წუთიანი გაკვეთილის დასრულების შემდეგ არ წყდებოდე. ჩვენ მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების თავებში ეს პირობითი წესი უნდა მოვიშოროთ: "დარეკა ზარმა, ახლა ნებისმიერ ენაზე შეგვიძლია საუბარი" (თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს ნებისმიერი ენა - რატომღაც რუსულია)". - ამბობს პიპა.
"მშობლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის იმედი მაქვს, ჩვენ ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის უნდა გავერთიანდეთ. კანონპროექტი რეგისტრაციის პროცესშია. ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი, როგორც კი დოკუმენტი უმაღლეს რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდება". - თქვა პიპამ.