რუსეთი უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე საავადმყოფოს 28 სექტემბერს, გამთენიისას ორჯერ დაესხა თავს. იერიშის შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 დაშავდა. ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
"პირველი დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, განადგურდა საავადმყოფოს რამდენიმე სართული. დაიწყო მომსახურე პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია.
სამაშველო სამსახურები და პოლიციის ოფიცრები შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ, რათა ხალხს დახმარებოდნენ. პაციენტების ევაკუაციისას, მტერმა ხელმეორედ დაარტყა საავადმყოფოს.
ამ დროისთვის დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი". - წერს კლიმენკო.
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა სამედიცინო დაწესებულებაზე იერიში დაახლოებით დილის 8:30 საათზე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს და დაბომბეს. მალევე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ინფორმაცია დაადასტურეს და ასევე განაცხადეს, რომ იერიშისთვის KAB-ტიპის მართვადი საჰაერო ბომბები გამოიყენეს.
უკვე 2 წელზე მეტია, რუსეთი განურჩევლად ესხმის თავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, ბავშვთა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებს და სხვა.
მას შემდეგ, რაც აგვისტოში უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში მოულოდნელი ტრანსსასაზღვრო ოპერაცია სწორედ სუმის ოლქიდან დაიწყო, სუმის ოლქზე ოკუპანტთა იერიშები გახშირდა.