ქარიშხალი ჰელენი

აშშ-ში ქარიშხალმა ჰელენმა, სულ მცირე, 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ქარიშხალი ჰელენი (სატელიტური ფოტო)

ქარიშხალმა ჰელენმა (Hurricane Helene) ფლორიდასა და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, სულ მცირე, 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

გამოცემა CNN-ის ცნობით, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კაროლინაში, 15 - ჯორჯიაში, 8 - ფლორიდაში, 6 - ჩრდილოეთ კაროლინაში, 1 კი ვირჯინიის შტატში. 

PowerOutageUS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, ტენესის, კენტუკის, ოჰაიოს, სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ფლორიდის შტატების 4 მილიონზე მეტ მოქალაქეს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

ამერიკული ფინანსური კომპანია Moody-ის კვლევით, ქარიშხლის შედეგად მოსალოდნელია 15-დან 26 მილიარდ დოლარამდე ზარალი.

საფირ-სიმპსონის სკალით, ქარიშხალი ჰელენი კლასიფიცირდა, როგორც მე-4 კატეგორიის ქარიშხალი. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები შტატების მასშტაბით გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია აშშ-ს ეროვნული გვარდიაც. 

კომენტარები