ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი, ქეთი ცოტნიაშვილი ილიაუნისთვის, 1 წლის შემდეგ მონიტორინგის შუამდგომლობით, ავტორიზაციის მინიჭებას გამოეხმაურა. ცოტნიაშვილი ამბობს, რომ ეს სასწავლო დაწესებულებაზე პოლიტიკური გავლენის მცდელობაა.
"ცხადია, ეს ცალსახად პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობას წარმოადგენს. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ორი ცნობილი წერილი რომ გავიხსენოთ - ერთი, რომელიც რექტორთა საბჭომ გაავრცელა და რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების გამოსვლებსა და აქტიურობას გმობდა, რაზეც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ხელი არ მოაწერა. შემდეგ კი, ასევე ვნახეთ ხარისხის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც აგრეთვე მუქარას შეიცავდა, რომ ისინი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას გადაამოწმებდნენ. ცხადია, მათი ვალდებულებაა, რომ გადაამოწმონ. მაგრამ, აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტი არაფერს არღვევს და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, ისინი შეფასებებს მაინც ქვემოთ სწევენ.
ყოველდღიურად ვხედავთ აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის შეზღუდვის ფაქტებს, როგორც კულტურის, ასევე განათლების სივრცესა და სფეროში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ავტორიზაციის საბჭოს წევრები სწორედ აკადემიური სივრცის წარმომადგენლები არიან, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობდნენ, იყენებენ, როგორც პარტიული გავლენის ინსტრუმენტებს". - თქვა ილიაუნის პროფესორმა ფორმულასთან საუბარში.
განათლების მკვლევარის, სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, ამ დროის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შუამდგომლობით მიანიჭა.
ჯანაშია აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს "ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნა" ჰქონდა მიღებული განხილვისას, თუმცა საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს.





