გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთში იარაღის წარმოების პროგრამა ჩამოაყალიბა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის შორი მოქმედების მოიერიშე დრონები შექმნას. აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები გამოცემას ევროპული სადაზვერვო სააგენტოს ორმა წყარომ გაუზიარა.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული იარაღის მწარმოებელი კომპანია Almaz-Antey-ის შვილობილმა კომპანიამ, IEMZ Kupol-მა ჩინეთში ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით შექმნა და გამოცადა ახალი დრონის მოდელი Гарпия-3 (G3). მოგვიანებით, კომპანიამ დრონის სატესტო გამოცდის ანგარიში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნა.
კომპანია Kupol-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე აცნობა, რომ მათ ჩინეთის ქარხანაში აღნიშნული დრონების მასობრივი წარმოება შეუძლიათ, რაც ომში უკრაინის წინააღმდეგ ამ დრონების გამოყენებას შესაძლებელს ხდის.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განაცხადეს, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულები არიან რუსული დრონების პროგრამის შესახებ Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით. მათი თქმით, ეს, როგორც ჩანს, ჩინური კომპანიის მხრიდან აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ფირმისთვის ლეტალური დახმარების გაწევის მაგალითია.
დაახლოებით ორი კვირის წინ გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, იგივე კომპანიის მეშვეობით, რუსეთმა წინა წელს ახალი, შორი მოქმედების დრონების წარმოება დაიწყო, რომლებიც ჩინური ნაწილებითა და ძრავით მზადდება.
Reuters-ის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულმა დოკუმენტმა აჩვენა, რომ IEMZ Kupol-მა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი Гарпия А1 დრონი დაამზადა. გამოცემის ინფორმაციით, აქამდე ჩინური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი რუსული დრონის არსებობის შესახებ ცნობები გავრცელებული არ ყოფილა.





