25 სექტემბერს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი და კიდევ 30-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდა.
"ჩვენ, დიდი შვიდეულის ქვეყნები, ხელახლა ვადასტურებთ უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას დღეს და სამომავლოდ, ომსა და მშვიდობაში". - წერია განცხადებაში.
მოკავშირეების თქმით, ისინი მიზანდასახულები არიან უკრაინისთვის სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და აღდგენითი დახმარების გაწევის მიმართ და მტკიცედ ერთგული არიან უკრაინას მოკლევადიან ფინანსურ საჭიროებებში, ხოლო გრძელვადიან აღდგენასა და რეკონსტრუქციაში, დაეხმარონ.
"ჩვენ ვაქარწყლებთ ნებისმიერ მცდარ წარმოდგენას, რომ დრო რუსეთის მხარესაა და რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინის ეკონომიკური მარცხის გამოწვევით გაიმარჯვოს". - აცხადებენ უკრაინის მოკავშირეები.
დეკლარაციის ფარგლებში მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ, რომ მათ იურისდიქციებში რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას განაგრძობს.
მოკავშირეები ასევე ერთგული რჩებიან, ეკონომიკური დახმარებით უკრაინის მაკროსაფინანსო სტაბილურობა უზრუნველყონ, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა შეაკეთონ და ააშენონ, ეკონომიკურ ზრდას შეუწყონ ხელი და სხვა. თავის მხრივ, უკრაინა რიგ რეფორმებზე შეთანხმდა, რაც უკრაინის მიმართ ხანგრძლივი მხარდაჭერის შესანარჩუნებლად არის საჭირო.





