არქეოლოგია

პერუში მასტოდონტების ნამარხები აღმოაჩინეს, რომლებიც გამყინვარების პერიოდით თარიღდება

UNMSM/Handout via REUTERS

პერუში გადაშენებული მასტოდონტების ნამარხები იპოვეს, რომლებიც გამყინვარების პერიოდით თარიღდება. მეცნიერთა თქმით, ეს აღმოჩენა ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთით მასტოდონტთა გადაადგილების კვლევისთვის არის საინტერესო.

მეცნიერებმა ცხოველები ქალაქ ჩამბრას ველის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს, რომლებიც 2019 წელს დაიწყო. ეს მასტოდონტები, სავარაუდოდ, 11 000-12 000 წლის წინ ცოცხლობდნენ. 

პალეონტოლოგ ივან მეზას თქმით, განამარხებულ ცხოველებს შორის ერთ-ერთი ნიმუში თითქმის მთლიანად არის შემორჩენილი და შესაძლოა პერუში მასტოდონტის ყველაზე შენახული განამარხებული ნაშთიც იყოს.

"თუ თავის ქალას ვიპოვით - ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მასზე ეშვები უნდა იყოს - ამას ეროვნული და გლობალური მასშტაბის სამეცნიერო მნიშვნელობა ექნება". - თქვა მეზამ. 

მეცნიერთა ვარაუდით, მასტოდონტები ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთით კლიმატური პირობების ცვლილების ფონზე საკვებისა და წყლისთვის გადაადგილდებოდნენ. 

"დროთა განმავლობაში, ანდების მთათა სისტემა ამაღლდა და ზღვის დონემ დაიწია. ეს არე გაშრა და მანტაროს ველზე ლაგუნები დარჩა". - თქვა მკვლევარმა ოსკარ დიაზმა. 

მასტოდონტები მამონტის მსგავსი გადაშენებული დიდი ცხოველები არიან, რომლებსაც სპილოების მსგავსი ეშვები და ხორთუმი ჰქონდათ. 

კომენტარები