რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ბაიდენი გაეროში: უკრაინისადმი მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, სანამ ის არ გაიმარჯვებს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას
Mike Segar/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არ შეწყდება, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და ხანგრძლივ მშვიდობას არ მოიპოვებს.

"როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩვენ შეგვეძლო, გვერდით დავმდგარიყავით და უბრალოდ გაგვეპროტესტებინა, მაგრამ ვიცეპრეზიდენტ [კამალა] ჰარისსა და მე გვესმოდა, რომ ეს თავდასხმა იყო იმ ყველაფერზე, რისთვისაც ეს ინსტიტუტი [გაერო] დგას, ასე რომ ჩემი მითითებით, ამერიკელებმა პასუხისმგებლობა აიღეს და [უკრაინას] დიდი რაოდენობით უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს.

ჩვენი NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები, და 50-ზე მეტი სახელმწიფო ასევე წინ აღუდგა [რუსეთის აგრესიას]. ყველაზე მთავარი კი, უკრაინელი ხალხი აღუდგა წინ. მე ვთხოვ ამ დარბაზში შეკრებილ ხალხს, რომ მათი [უკრაინელების] მხარდასაჭერად დადგეს. კარგი ამბავი ის არის, რომ პუტინის ომმა მარცხი განიცადა... თავისი მთავარი მიზნის მიღწევაში. მან უკრაინის განადგურება განიზრახა, მაგრამ უკრაინა კვლავ თავისუფალია. მან NATO-ს დასუსტება განიზრახა, მაგრამ NATO იმაზე დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე მანამდე, ორი ახალი წევრით, ფინეთით და შვედეთით.

მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დანებება. მსოფლიოს ახლა კიდევ ერთი არჩევანი აქვს გასაკეთებელი: შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას გამარჯვებასა და თავისუფლების შენახვაში დავეხმაროთ, თუ მივატოვოთ და აგრესიას მოძლიერების და სახელმწიფოს განადგურების საშუალება მივცეთ.

მე ჩემი პასუხი ვიცი: არ შეგვიძლია დაღლა, არ შეგვიძლია თვალის არიდება და ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინისადმი მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და სამართლიან და გამძლე მშვიდობას არ მოიპოვებს გაეროს ქარტიაში". - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები