რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: ომი მაშინ დასრულდება, როცა რუსეთის ყველა მიზანი მიღწეული იქნება

დმიტრი პესკოვი
Photo: Interfax

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. 

"თქვენ იცით, რომ ყველა ომი მშვიდობით სრულდება. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მიზნების მიღწევა აბსოლუტურად ერთადერთი ალტერნატივაა. როგორც კი ეს მიზნები მიიღწევა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია [ომი] დასრულდება" - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა იგი ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინა ომის დასასრულთან ახლოსაა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის პირველ სამშვიდობო სამიტამდე 1 დღით ადრე, მიმდინარე წლის 14 ივნისს გაახმოვანა ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც რუსეთი უკრაინაში ომს დაასრულებდა. პუტინის ე.წ. სამშვიდობო გეგმის მიხედვით, უკრაინამ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და "მტკიცე უარი" განაცხადოს NATO-ში შესვლაზე და "მიატოვოს ბლოკში გაწევრიანების გეგმა". 

კომენტარები