რუსეთი

რუსეთში "ბავშვის არყოლის პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ კანონს მიიღებენ

Roman Danilkin/63.RU

რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა კანონს "ბავშვის არყოლის პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC-ი ავრცელებს

კანონპროექტის მიხედვით, რუსულ მედიაში, ინტერნეტსივრცეში, ფილმებსა და რეკლამებში "ბავშვის არყოლის პროპაგანდის" გავრცელება აიკრძალება. 

როგორც მხარდამჭერმა დეპუტატებმა განაცხადეს, ინიციატივის მიზანს ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება წარმოადგენს და კანონპროექტში აღნიშნულ რეგულაციებს "არსებითად მხარს უჭერენ". 

"ამის პარალელურად, რეკომენდებულია, გადაიხედოს კანონპროექტი, რათა დაკონკრეტდეს "ბავშვის არყოლის" კონცეფცია იმისათვის, რომ ავიცილოთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებული რისკები, როგორებიცაა ბავშვის არყოლა რელიგიური და სამედიცინო მიზეზებით". - TACC-ზე დაყრდნობით, აღნიშნეს ინიციატივის მხარდამჭერმა დეპუტატებმა. 

ინიციატივა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ელვირა აიტკულოვას ეკუთვნის, რომელიც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში განათლების კომიტეტის წევრიცაა. როგორც TACC-ი წერს, კანონპროექტი "ბავშვის არყოლის პროპაგანდის" გავრცელების შემთხვევაში, რუსეთში უკვე მიღებული ანტი-ლგბტ კანონში აღნიშნული ჯარიმების ანალოგიურ სადამსჯელო ღონისძიებებს ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ვსევოლოდ ვუკოლოვმა სესიაზე ოჯახი: რაც უნდა შევინარჩუნოთ, და არა დავკარგოთ განაცხადა, რომ დუმაში ე.წ. Childfree (ბავშვის არყოლის) იდეოლოგიის აკრძალვის საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო. 

რამდენიმე დღის წინ კი, 18 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ ერთ-ერთ პროპაგანდისტულ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ფემინიზმი "გადაიზარდა მოძრაობაში კაცებისა და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ" და ამის შესაკავებლად, სხვა გზებთან ერთად, ე.წ. Childfree იდოლოგიის აკრძალვის დაკანონებაც საჭიროა. 

კომენტარები