რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლი უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს ამზადებს – სიბიჰა

ანდრიი სიბიჰა
Sean Gallup/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა უკრაინულ დაზვერვის მთავარ სამმართველოზე (ГУР) დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინულ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს ამზადებს, რაც გლობალური შედეგების მქონე ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს გამოიწვევს. მისივე თქმით, ამის შესახებ უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შეატყობინა.

ამის შესახებ სიბიჰა X-ზე წერს.

"უკრაინული დაზვერვის ცნობით, კრემლი ზამთრამდე უკრაინული ბირთვული ენერგეტიკის მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმებს ამზადებს. კერძოდ, ეს ეხება ატომურ ელექტროსადგურებში ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებს, რომლებიც ბირთვული ენერგიის უსაფრთხო ოპერირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამ ობიექტების დაზიანება გლობალური შედეგების მქონე ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს გამოიწვევს. ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა ეს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს გადასცეს. IAEA-ც შეტყობინებულია". - წერს სიბიჰა.

სიბიჰა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ევროპაში ატომური ელექტროსადგური დაიკავა და ამას შანტაჟისთვის იყენებს.

"რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ევროპაში ატომური ელექტროსადგური ჩაიგდო ხელში და მთლიან მსოფლიოს აშანტაჟებს. უკრაინული "მშვიდობის ფორმულა" მოიცავს დებულებას, რომელიც რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც გაეროს ქარტიას პატივს სცემენ, მოვუწოდებთ, რომ ტერორისტული სახელმწიფოს სცენარი შეაფერხონ". - წერს სიბიჰა.

კომენტარები