უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, რუსეთში, კრასნოდარის ოლქის სოფელ ტიხორეცკში მდებარე იარაღის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც მოგვიანებით გრანდიოზული აფეთქებაც მოყვა. ინფორმაცია რუსულ მედიასა და ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, უკრაინელებმა ოლქზე დრონებით მიიტანეს იერიში. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი ჰაერში გაანადგურეს, თუმცა მათი ნამსხვრევები ტიხორეცკის იარაღის საწყობზე ჩამოვარდა, რამაც საბოლოოდ ხანძარი და აფეთქება გამოიწვია.
"უსაფრთხოების მიზნით, სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც აფეთქების ადგილის მახლობლად ცხოვრობდნენ, დროებით ევაკუირებულები არიან სხვა დასახლებებში" - წერს კონდრატიევი Telegram-ზე.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, ოსტროგოჟსკის რაიონში იარაღის საწყობზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია, რასაც მოგვიანებით აფეთქებაც მოყვა.





