რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, ოსტროგოჟსკის რაიონში იარაღის საწყობზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია, რასაც მოგვიანებით აფეთქებაც მოყვა.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ოსტროგოჟსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიმდინარეობს ერთი დასახლების ევაკუაცია. მოეწყო დროებითი განთავსების ცენტრები, სადაც უკვე ათობით ადამიანი გადაიყვანეს.
რუსი ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის და აფეთქების შედეგად "სამოქალაქო პირები არ დაშავებულან". თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, სოფელ სოლდატსკოიეში მდებარე იარაღის საწყობი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვორონეჟში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების თავზე 2-2 დრონი ჩამოაგდეს.





