19 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან ჯამში 160 მილიონ ევროს გაუგზავნის.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინის ელექტროენერგიის წარმოება დაახლოებით 9 გიგავატით შემცირდა, რაც ლაიენის თქმით, "ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ელექტროენერგიის ტოლფასია".
ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინა ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში 19 სექტემბერს განაცხადეს, რომ ზამთარში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის გამო, უკრაინაში დეფიციტმა შესაძლოა 6 გიგავატს მიაღწიოს.
"ჩვენი მიზანია 2.5 გიგავატის მოცულობის აღდგენა, რაც უკრაინის საჭიროების 15%-ია". - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. დამატებით, ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს 2 გიგავატით გაზრდის.
ამას გარდა, ლიტვაში საწვავით მომუშავე ელექტროსადგურის დაშლა მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინაში იმ ტერიტორიაზე ააშენებენ, სადაც რუსეთმა ქვეყნის თერმული ელექტროსადგურების 80% გაანადგურა.





