ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აშშ-ს მიერ შსს-ს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილისა და მის ერთ-ერთ მოადგილის, მილერი ლაგაზაურის დასანქცირებას გამოეხმაურა.
გორდულაძემ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა და იქ კობახიძის მიერ გაჟღერებული განცხადებებიც შეაფასა.
"კონკრეტული სამართალდამცველების სახელები და გვარები სახელობითად გაჟღერდა. ჩვენ გვახსოვს, წინა შემთხვევაში თვითონ თქვეს, კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დასანქცირებული ადამიანები დავასახელოთო. ახლა კი, წინასაარჩევნო პერიოდში, როგორ დავიჯერო, რომ მათმა კანონმდებლობამ ამის შესაძლებლობა მისცა. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია [...]
სწორედაც, ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმინისტრმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა [...] გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის მოქმედებები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით დასანქცირებებს უკავშირდება. ეს არის მიახლოება წითელ ზღვართანაც კი. და თუ ეს წითელი ზღვარი გადაილახება, მაშინ უკვე საქართველოც იფიქრებს ურთიერთობების სისტემურ გადახედვაზე". - თქვა გორდულაძემ.
გუშინ, 17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო "შეშფოთება გამოთქვა".
"[კობახიძემ] აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციისა გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.





